ევროკავშირსა და კიევს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა

პირველი იანვრიდან უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კიევსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო პროცედურები მარტივდება. თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნული შეთანხმების გამო, უკრაინას რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა მოუწევს. რუსული მედიის ცნობით, მოსკოვთან სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტა უკრაინას 600 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალს მოუტანს.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება კიევმა ევროკავშირთან 2014 წელს ასოცირების შეთანხმებასთან ერთად გააფორმა. თუმცა, რუსეთის მოთხოვნით, მისი ამოქმედება ერთი წლით გადაიდო. სავაჭრო შეთანხმება უკრაინას ეკონომიკურ ზრდას და მდგრად და უფრო მეტად დივერსიფიცირებულ ბაზარს ჰპირდება.

კერძოდ, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება უკრაინული პროდუქციის 97 პროცენტზე ტარიფებს აუქმებს. ამასთან, უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნატალია მიკოლსკას განცხადებით, უკრაინელებისათვის ევროპული პროდუქცია გაიაფდება.