უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე კვლავ შეზღუდვებია

უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთზე კვლავ შეზღუდვებია. აღნიშნულთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, მათი ინფორმაციით, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა ჩუმათელეთი-ბაშის მონაკვეთზე.

"ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ248 ჩუმათელეთი-ზესტაფონი-ნახშირღელე-ქუთაისის შემოსავლელი გზა-ბაშის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ძლიერი თოვის, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ხოლო კმ1-კმ37 და კმ50-კმ71 მონაკვეთებზე თავისუფალია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში. გარდა ამისა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე.

"დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - განმარტავენ უწყებაში. ამასთან, შეზღუდვებია დაწესებული არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე, რომელიც მისაბმელიან ავტოტრანსპორტს შეეხება.

"თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.