ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ბაკურიანის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ბაკურიანის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსი დანიშნა. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ინიციატივა ადგილობრივ ხელისუფლებას და "საზოგადოებრივ ტრანსპორტს" ეკუთვნის. ავტობუსი ყოველდღიურად, 2-ჯერ შეასრულებს რეისს. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი აღნიშნავს, მგზავრობის ღირებულება არამუნიციპალური ტრანსპორტისაგან განსხვავებით, განახევრებული იქნება და 1.50 ლარი ეღირება.

ბორჯომის "საზოგადოებრივი ტრანსპორტი" ერთი წელია ჩამოყალიბდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ ხნის მანძილზე სამსახურის მიერ ბევრი ინიციატივა განხორციელდა და სიახლეები შევიდა მგზავრთა მომსახურების სისტემაში. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით განახევრებულია ტარიფები მუნიციპალურ ტრანსპორტზე. ქალაქის შიდა რეისები 30 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრი ღირს. სოფლების მცხოვრებლები კი, 1.50 ლარის ნაცვლად, 0.70 ლარად მგზავრობენ.