საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. როგორც "როიტერი" იტყობინება, ირანის დიპლომატიური მისია და მასთან დაკავშირებული ყველა სტრუქტურა ქვეყანას 48 საათის განმავლობაში დატოვებს. როგორც საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირამ განაცხადა, ხელისუფლება არ მისცემს უფლებას ირანს, საუდის არაბეთის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას.

საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა კონფლიქტის ესკალაციის ფონზე გაწყვიტა. რამდენიმე დღის წინ, ერ-რიადის გადაწყვეტილებით, ტერორიზმის ბრალდებით 47 შიიტი სიკვდილით დასაჯეს. მათ შორის იყო ცნობილი შიიტი მქადაგებელი ნიმრ ალ-ნიმრი, რომელიც სამეფოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობის უფლებებს იცავდა. საპასუხოდ ირანმა მწვავე განცხადებები გააკეთა, საუდის არაბეთის საგარეო უწყებამ კი ირანის ელჩი დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა. შიიტი მქადაგებლის სიკვდილით დასჯას ირანში საპროტესტო აქციებიც მოჰყვა. გუშინ ასობით ირანელი თეირანში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოს თავს დაესხა და შენობის დაწვა სცადა. ამის შემდეგ ირანიდან საუდელი დიპლომატების ევაკუირება განხორციელდა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავებას აშშ გამოეხმაურა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შიიტი ღვთისმეტყველის სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ ერ-რიადის ქმედებებმა შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ვითარება გაამწვავოს. თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ შიიტებსა და სუნიტებს მოუწოდა, ესკალაციისგან თავი შეიკავონ. შიიტი მქადაგებელი ნომ ალ-ნიმრი 2011 წელს, საუდის არაბეთში დაწყებულ, შიიტების მასობრივ ანტისამთავრობო აქციებს აქტიურად უჭერდა მხარეს. ის 2012 წელს დააკავეს. შეიხის სიკვდილით დასჯის შემდეგ საუდის არაბეთის აღმოსავლეთში, ასევე ბაჰრეინსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში საპროტესტო აქციები გაიმართა.