"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება, - ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მთელი ღამის განმავლობაში, უამინდობის, ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიის ზონაში. "განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო მაღალმთიან რაიონებში, სადაც თოვლის საფარმა დაახლოებით 1 მეტრს მიაღწია.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობდა დაზიანების ადგილებში, რომ დროულად მოეხდინა აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ყველა რაიონულ ცენტრს, ქალაქს და მიმდებარე ცენტრალურ დასახლებებს; ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება დასავლეთ საქართველოში არსებული აბონენტების მხოლოდ 4-5%. ტექნიკური სამსახური სრულად მობილიზებულია. დასავლეთ საქართველოში გადმოგზავნილია დამატებითი ბრიგადები აღდგენითი სამუშაოების ოპერატიულად საწარმოებლად; ისინი აგრძელებენ მუშაობას 24-საათიან საგანგებო რეჟიმში, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდინონ დარჩენილი აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა", - ნათქვამია ინფორმაციაში.