აფხაზეთში მდებარე სანატორიუმი "გაგრა" რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამსახურს დაექვემდებარება

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე "გაგრას" სანატორიუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამსახურს დაექვემდებარება. როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ სამინისტროს მთავარი სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს უფროსმა, გენერალ-მაიორმა ალექსანდრ ფისუნმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, რუსული არმიის სანატორიული-საკურორტო უზრუნველყოფის სისტემაში სანატორიუმის ჩართვა წელს იგეგმება. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და სანატორიული-საკურორტო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა დიმიტრი ტრიშკინმა "რუსნოვოსტი"-სთან საუბარში განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება აფხაზეთის სამხედრო სანატორიუმებში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. მისი თქმით, რამდენიმე აფხაზური სანატორიუმი თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე წლის წინ, უწყებასა და აფხაზურ მხარეს შორის გაფორმებული "შეთახმების" ფარგლებში გადაეცა.

"პირველი სანატორიუმი, რომელიც 2016 წლის ივნისიდან რესპუბლიკა აფხაზეთის ტერიტორიაზე ამუშავდება, "გაგრას" სამხედრო სანატორიუმი იქნება. რამდენიმე წლის წინ, კერძოდ 2008 წელს, სანატორიუმი რუსეთის ფედერაციამ შეიძინა. ანუ, ის არა მხოლოდ გადმოგვეცემა, არამედ ჩვენს საკუთრებაში იქნება", -განაცხადა ტრიშკინმა და იქვე დასძინა, რომ სანატორიუმის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია. მისი ინფორმაციით, "მხარეებს" შორის გაფორმებული "შეთანხმების" ფარგლებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კიდევ ორი სანატორიუმი - "სოხუმი" და "სოხუმსკი" გადაეცემა. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოკუპირებულ აფხაზეთში "გუდაუთას" სამხედრო სანატორიუმის ამოქმედების შესახებ. "იქ საჭიროა სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რომელიც მომავალ წელს არის დაგეგმილი", - განაცხადა ტრიშკინმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის სანატორიუმებში დასვენებას ძირითადად, რუსი ოფიცრები შეძლებენ.