პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ დეპუტატებს ხელფასი არ დაქვითვიათ

2015 წელს პარლამენტის პლენარული თუ საკომიტეტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ დეპუტატებზე ხელფასის დაკავება არ განხორციელებულა. ამის შესახებ პარლამენტის აპარატში აცხადებენ.

პარლამენტის რეგლამენტი კი, სხდომების არასაპატიო გაცდენებზე ხელფასის 10%-ით დაკავებას ითვალისიწინებს. კერძოდ, რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ერთზე მეტ პლენარულ სხდომას არ დაესწრება, მას ერთზე მეტი გაცდენილი თითოეული სხდომისათვის ხელფასის 10% დაუკავდება. რაც შეეხება კომიტეტების გაცდენის შემთხვევებს, რეგლამენტის მიხედვით, თუ ორ კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით კომიტეტების სხდომებს სამჯერ არ დაესწრება, ხოლო ერთ კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით კომიტეტის სხდომას ორჯერ არ დაესწრება, მასაც ხელფასის 10% დაუკავდება. ამასთან, გაცდენების არასაპატიო მიზეზად არ მიიჩნევა სხდომებზე ავადმყოფობის, ოჯახური მდგომარეობისა და სამსახურებრივი მივლინების მიზეზით გამოუცხადებლობა.