GWP - წყალსადენის მაგისტრალის დაზიანება სანიტარული ზონის დარღვევით იყო გამოწვეული

საბურთალოს რაიონში, იყალთოს გორაზე, წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანება, რომლის გამოც, წყალმომარაგება საბურთალოსა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს მცირე დროის მანძილზე, ხოლო ვაკის რაიონის ნაწილს დილის 6 საათამდე ჰქონდა შეწყვეტილი , სანიტარული ზონის დარღვევით იყო გამოწვეული. ამის შესახებ ნათქვამია კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კომპანიის ინფორმაციით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ურთულესი ავარიის აღმოფხვრა მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლო, ვაკის რაიონის მოსახლეობას კი წყალმომარაგება დილის 6 საათზე აღუდგა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, წყალსადენის 700 მმ-იან მაგისტრალზე კერძო სახლები, ბეტონის კედლები და სხვა საყოფაცხოვრებო შენობები ტექნიკური ნორმების უგულებელყოფითაა დაშენებული, რამაც, დროთა განმავლობაში, ფოლადის მაგისტრალის დეფორმაცია და შედეგად, დაზიანება გამოიწვია.

"GWP-მ დედაქალაქის მასშტაბით უკვე მოახდინა იმ უბნების იდენტიფიცირება, სადაც მაგისტრალური მილების გასწვრივ, სანიტარული ზონებია დარღვეული, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი მოსალოდნელი რისკების შესახებ წერილობითი გაფრთხილება გადასცა. მსგავსი დარღვევები, რომელიც განსაკუთრებით მრავლად ვაკე-საბურთალოს და გლადანი-ნაძალადევის რაიონებში ფიქსირდება, აფერხებს წყალმომარაგების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და რისკის ქვეშ აყენებს მოსახლეობს უსაფრთხოებას. პრობლემური ადგილების იდენტიფიცირებისა და მოგვარების მიზნით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რაიონულ გამგეობებს მიმართავს და თბილისის მერიასთან ითანამშრომლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.