რამდენით გაიზრდება ფასი სიგარეტზე

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციზის განაკვეთი სიგარეტზე ფიქსირებული 20 თეთრით და ღირებულების 5%-ით გაიზარდა.

შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 1,5 ლარად ღირებული ერთი კოლოფი სიგარეთის ფასი 28 თეთრით გაიზარდა, 2 ლარად ღირებულის - 30 თეთრით, 2,5 ლარად ღირებულის - 33 თეთრით , 3 ლარად ღირებული კოლოფი სიგარეტის კი 35 თეთრით.

„თამბაქოს პროდუქციაზე ზოგიერთი საცალო გაყიდვის პუნქტის მიერ ფასების მკვეთრი ზრდა აქციზს არ უკავშირდება“, - ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი წლიდან საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა. როგორც სავაჭრო ჯიხურებში აცხადებენ, ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული "პარლამენტზე", "მარლბოროზე", "ჩესტერფილდსა" და "ელ ემ"-ზე. საქართველოს პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით 11 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, კერძოდ, ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი 5-დან 10 პროცენტამდე გაიზარდა.