სამეგრელო-ზემო სვანეთში ელექტროენერგია 2300 აბონენტს არ მიეწოდება

სამეგრელო-ზემო სვანეთში, 4 იანვრის 15 საათის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგია არ მიეწოდება 2300 აბონენტს. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ მობილიზებულია დამატებითი სარემონტო ბრიგადები ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. უკვე დილიდან გასულია, როგორც ადგილობრივი, ისე დამატებითი სარემონტო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ აღდგენით სამუშაოებს, სპეციალისტების გათვლებით, უახლოეს პერიოდში რეგიონს მთლიანად აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება.

გაზის მიწოდება რეგიონში ხორციელდება სტაბილურად. ზუგდიდში გაზი არ მიეწოდება მხოლოდ 4 კორპუსს, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებიც ამჟამადაც აქტიურად მუშაობენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გამართულად მუშაობს ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი. ამჟამად დიდთოვლობის გამო, მოძრაობა აკრძალულია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე.