საბურთალოს რაიონში უფასო სასადილოები მუშაობას დღეიდან განაახლებს

საბურთალოს რაიონში უფასო სასადილოები მუშაობას დღეიდან განაახლებენ, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ განაცხადა. მიქაუტაძის თქმით, 1-2 იანვარი უფასო სასადილოებისთვის ხელშეკრულებით დასვენების დღეებია. ამასთან, გამგებელმა აღნიშნა, რომ 30 დეკემბერს მათ უფასო სასადილოების ყველა ბენეფიციარს საკვები პროდუქტების სოლიდური პაკეტები დაურიგეს.

"ზეთი, ქათამი და სხვა პროდუქტები დაურიგდათ. რაც კი უფასო სასადილოები არსებობს, იმ დღიდან 1-2 იანვარი დასვენების დღეებია და ეს არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული. ყველა გამგეობამ დაურიგა ბენეფიციარებს პაკეტები და ისინი საკვების გარეშე ახალ წელს არ შეხვედრიან", - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა.

მისივე თქმით, საბურთალოს რაიონში 5 უფასო სასადილოა, სადაც 1600 ბენეფიციარი იკვებება. მიქაუტაძის თქმით, წელს კიდევ 170 ადამიანს ექნება უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლება. წინასაახალწლოდ და ახალი წლის დღეებში თბილისში არსებული უფასო სასადილოები რამდენიმე დღით არ მუშაობდნენ.