ენერგეტიკის სამინისტრო - ირანულ მხარესთან ბუნებრივი აირის მოწოდების დაწყების საკითხი გადაწყვეტილი არ არის

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მოწოდების თაობაზე ირანთან კონკრეტული შეთანხმება ამ ეტაპზე არ არსებობს. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

"საინფორმაციო საშუალებებში დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი იწყებს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას სომხეთის გავლით ელექტროენერგიის წარმოების მიზნით, დღიურად 8-15 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ირანულ მხარესთან ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს და შესაბამისად, ბუნებრივი აირის მოწოდების დაწყების საკითხიც არ არის გადაწყვეტილი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ირანი ერთ-ერთი მსხვილი გაზის მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში და ბუნებრივია გაგრძელდება მოლაპარაკებები ყველა პოტენციურ მომწოდებელთან რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს სტაბილური და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ირანული მედია იტყობინება, ირანი საქართველოსთვის გაზის მიწოდებას აპირებს და ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ირანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანული კომპანია NIGEC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალირეზა კამელიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ირანული გაზი საქართველოს სომხეთის გავლით მიეწოდება. "საქართველოსთან გამართული მოლაპარაკებების თანახმად, გაზი სომხეთის საზღვრამდე უნდა მივაწოდოთ, სადაც საქართველო მას სომხეთის საზღვარზე მიიღებს", - განაცხადა ალირეზა კამელიმ. მისივე განცხადებით, საქართველოსთვის განკუთვნილი ირანული გაზი შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და ევროპაში ექსპორტზე მისი გატანა არ იგეგმება.