სოფელ მელექედურში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, გზა ინტენსიურად იწმინდება

ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში გამგებლის წარმომადგენლის გაგა ცხომელიძის ინფორმაციით, სოფლის გზა ინტენსიურად იწმინდება. გაგა ცხომელიძემ სიცრუე უწოდა მელექედურის მცხოვრებლების ინფორმაციას, რომლის თანახმად, გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა და თოვლის საფარი ერთ მეტრამდეა. გამგებლის წარმომადგენლის ცნობით, სოფელში გზის გაწმენდის მიზნით, ორი დღეა ტრაქტორი ინტენსიურად მუშაობს. მისივე თქმით, ადგილზე იმყოფებოდა ოზურგეთის რაიონის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.

"მთელი დღის განმავლობაში, თუკი სადმე ტექნიკა უდგება და შესაძლებელია ტრაქტორის მობრუნება, ყველა უბანი იწმინდება. გუშინ გზა თავიდან ბოლომდე გაიწმინდა, დღესაც ჩვეულებრივ რეჟიმში მიდის მუშაობა, ტრაქტორი ახლაც მუშაობს", - აღნიშნა გაგა ცხომელიძემ.

როგორც ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურის მცხოვრებლები ამბობენ, დიდთოვლობის გამო მოსახლეობაში პანიკაა. ისინი დახმარებას ითხოვენ. როგორც სოფლის მცხოვრებლები აღნიშნავენ, თოვლის საფარი 1 მეტრამდეა. "თოვლის საფარი უკვე სახლის ფანჯრებს ასცდა. შესაბამისად, ტრანსპორტი არ მოძრაობს არც ცენტრალურ და არც სოფლის გზებზე, რადგან გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა – კაციშვილი არ გამოჩენილა. ამას ემატება ის, რომ წუხანდელიდან მოყოლებული სოფელში ელექტროენერგია არ არის. ხალხში პანიკაა", - აცხადებენ ადგილობრივები.