გზების დეპარტამენტი გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტში გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის ფაქტს არ ადასტურებენ. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს ძლიერი ქარბუქის საშიშროების გამო აიკრძალა. დეპარტამენტში უარყოფენ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავია ჩამოწოლილი, რის გამოც მოძრაობა დაკეტილია.

ამასთან, ყაზბეგის რაიონის გამგებელმა გოგი ქირიკაშვილმა საუბრისას განაცხადა, რომ გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მოძრაობა დღის ბოლოს აღდგება.