სამეგრელო-ზემო სვანეთში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თოვასთან ერთად გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში.

"სპეცტექნიკა გზების გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა. თოვის შეწყვეტისთანავე მოხდება ტექნიკური მარილის დაყრა. მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ დაათვალიერა. დიდთოვლობის გამო, ამ დრომდე ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 4 იანვრის, 22:00 საათის მდგომარეობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგია არ მიეწოდება 2600-მდე აბონენტს. აქედან სენაკში 800 აბონენტი გამორთულია უსაფრთხოების მიზნით. დღის განმავლობაში დაზიანებული აბონენტების უმეტესობას ელექტროენერგიის მომარაგება აღუდგა, თუმცა ინტენსიური თოვის გამო გაჩნდა დაზიანების ახალი კერები, უმეტესწილად მარტვილში, სენაკსა და აბაშაში. "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ მობილიზებულია დამატებითი სარემონტო ბრიგადები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ღამის მორიგე ჯგუფები, დილიდან კი, როგორც ადგილობრივი, ისე დამატებითი სარემონტო ჯგუფები პრობლემურ ადგილებზე გავლენ და აქტიურად გააგრძელებენ აღდგენით სამუშაოებს. სტიქიის დაწყების დღეს, რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 10 ათასზე მეტ აბონენტს", - აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება გაზმომარაგებას, მათი განმარტებით, რეგიონში ის სტაბილურად ხორციელდება. კერძოდ, ზუგდიდში გამორთული 5 კორპუსიდან გაზის მიწოდება აღუდგა 4 საცხოვრებელ კორპუსს. დარჩენილ ერთ კორპუსში კი მიმდინარეობს სამუშაოები და გაზმომარაგების ჩართვა უახლოეს საათებში მოხდება. "სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბს კოორდინაცია აქვს, როგორც მუნიციპალურ შტაბებთან, ასევე "ენერგო-პრო ჯორჯიას" და "სოკარ გაზის" შტაბებთან. სამხარეო ადმინისტრაციაში მოქმედებს რეგიონალური ცხელი ხაზი. სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებიც ამჟამადაც აქტიურად მოქმედებენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გამართულად მუშაობს ყველა სასიცოცხლო ობიექტი.

დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური შტაბი: 591 41 77 18; ფოთის შტაბი: 0493 22 12 95 ,591410326; აბაშის შტაბი: 599 855766; სენაკის შტაბი: 599 85 75 90; 591 90 20 90; ქალაქ ზუგდიდის შტაბი:- 591 44 53 12; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შტაბი: - 0415 25 01 23; წალენჯიხის შტაბი:- 599 87 66 88; 599 85 85 77 77; მესტიის შტაბი: 577 92 06 00; ჩხოროწყუს შტაბი: 599 85 66 07; ხობის შტაბი: 599856063; მარტვილის შტაბი: 577954849", - აღნიშნავენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.