ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 2015 წლის სოციალურ პროგრამებზე მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გასული 2015 წლის სოციალური პროგრამები შეაჯამა. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, 12 თვის მონაცემებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 161 487 ლარია დახარჯული. "აღნიშნული თანხიდან 805 225 ლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 16 სოციალური პროგრამის განხორციელებისათვის გამოყო. მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მთელი წლის განმავლობაში, მოქალაქეთა პირადი განცხადებების საფუძველზე, საჭირო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებისათვის 356 362 ლარი დაფინანსება გასცა. ჯამში გამგეობამ და საკრებულომ დახმარება გაუწია 3 171 ადამიანს", - განმარტავენ მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, სოციალური პროგრამები, ახალ 2016 წელსაც გაგრძელდება. მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს გათვალისწინებულია ასევე მოქალაქეთა სტაციონარული, მედიკამენტოზური, სარიტუალო, 4 და მეტ შვილიანი ოჯახების, შშმ პირებისათვის, გამოჩენილი ადამიანების, ახალდაქორწინებულების, ახალშობილების, 100 წელს გადაცილებულთა და დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის განმარტებით, ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს გამგეობამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ისე რაიონის ნებისმიერ მცხოვრებს. "ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რასაც 2015 წლის განმავლობაში ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს", - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.