გიორგი ამაშუკელის ინფორმაციით, ელექტრომომარაგების აღდგენისა და გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი.

იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში, დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების სრული კოორდინაციით ხორციელდება. გიორგი ამაშუკელის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრომომარაგების აღდგენის, ისე - საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ასევე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და შესაბამისი რეგიონების გუბერნატორები.