ბანკების ასოციაცია პრეზიდენტისთვის გიორგი ქადაგიძის შემცვლელთან დაკავშირებით კანდიდატურის შეთავაზებას არ აპირებს

საქართველოს ბანკების ასოციაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გიორგი ქადაგიძის შემცვლელთან დაკავშირებით კანდიდატურის შეთავაზებას არ აპირებს.

როგორც "საქართველოს ბანკების ასოციაციის" პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, ასევე დარგობრივ და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წარმომადგენლებთან გამართავს.

"ამ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები გაიმართა, რომელზეც იყო მსჯელობა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თუმცა ამ შეხვედრას მე არ დავსწრებივარ - ბანკებთან ერთად ამაზე მსჯელობა არასდროს ყოფილა. სად გაგონილა, რომ რეგულაციების ქვეშ მყოფებმა შესთავაზონ პრეზიდენტს, თუ ვინ უნდა იყოს მათი მარეგულირებელი? ეს არასწორად მიმაჩნია და მგონია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არავისთან არ უნდა გამართოს კონსულტაცია გარდა მთავრობისა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტებისა. სად გაგიგიათ, რომ ბანკებს - სუბიექტს შეეკითხონ, ვინ გინდათ გაკონტროლოსო? - როცა საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებული მოვლენები მიმდინარეობდა, გვითხრეს, ორი კანდიდატი თქვენ წამოაყენეთო და უარი ვუთხარით. არ არის სწორი. დავუშვათ დავაყენეთ კანდიდატურა და ის აირჩიეს, მთელი 7 წელი თავი უნდა ჩათვალოს, რომ ჩემგან დავალებულია?! ჩემგან არ უნდა იყოს დავალებული. ანგარიშვალდებული უნდა იყოს პრეზიდენტთან და პარლამენტთან, რომელმაც უნდა დაამტკიცოს", - განაცხადა გვასალიამ.

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის თავმჯდომარესა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს მიმდინარე წლის თებერვალში უფლებამოსილების ვადა ეწურება. "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით კი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევის კომპეტენცია საქართველოს პრეზიდენტს აქვს და მათ პარლამენტი სწორედ ქვეყნის პირველი პირის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და 7-წლიანი ვადით ირჩევს.

საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს უშუალოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც, თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, ეს ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით უშუალოდ საბჭოს შემადგენლობიდან.

ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ წევრებს უფლებამოსილების 7 წლიანი ვადა სხვადასხვა დროს ეწურებათ, შესაბამისად გიორგი ქადაგიძის წასვლის შემდეგ საბჭოში მხოლოდ ერთი ვაკანტური ადგილი გაჩნდება და საბჭო დანარჩენი - 6 კაციანი შემადგენლობით კვლავ უფლებამოსილი იქნება მუშაობა გააგრძელოს.

ამ დროისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედი შემადგენლობა ასე გამოიყურება: გიორგი ქადაგიძე, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარედ 2009 წლის 26 თებერვალს დაინიშნა. შესაბამისად, მას უფლებამოსილების ვადა 2016 წლის თებერვლაში ეწურება.

არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2009 წლის დეკემბრიდან იკავებს, მას უფლებამოსილების ვადა 2016 წლის დეკემბერში ეწურება.

გარდა არჩილ მესტვირიშვილისა, 2016 წლის დეკემბერში უფლებამოსილების ვადა ეწურებათ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ორ წევრს, ვიცე-პრეზიდენტ ოთარ ნადარაიასა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ლაშა ჯუღელს.

უფლებამოსილების ვადა 2019 წლის მაისში გასდით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს - ვაჟა ჯანყარაშვილსა და ნიკოლოზ გონგლიაშვილს, რომლებიც აღნიშნულ თანამდებობას 2012 წლის მაისიდან იკავებენ. რაც შეეხება საბჭოს მე-7 წევრ ნიკოლოზ ყაველაშვილს, მოქმედი წევრებიდან მას უფლებამოსილების ვადა ყველაზე გვიან - 2021 წლის დეკემბერში უმთავრდება, ვინაიდან ის აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლის დეკემბრიდან იკავებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი ქადაგიძის შემცვლელის შერჩევას კონსულტაციების გზით აპირებს. როგორც პრეზიდენტის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი აბაშიშვილმა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, კონსულტაციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნესასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებსა და თავად საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაიმართება. კონსულტაციების ფარგლებში აბაშიშვილმა რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა.