თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს, თავშესაფარის დროებითი მომსახურება თითოეულ მიუსაფარ მოქალაქეს შესთავაზოს

თბილისის მერია თითოეულ მიუსაფარ მოქალაქეს თავშესაფარის დროებით მომსახურებას სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, როგორც ცნობილია, 2015 წლის დეკემბრიდან ლილოს დასახლებაში ფუნქციონირებს ახალი კაპიტალურად აშენებული თავშესაფარი, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მომსახურების საშუალება აქვს. "ბენეფიციარები 24-საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და პირველად მედიკამენტებს, მათ ემსახურება 5 სოციალური მუშაკი, ასევე, საჭიროების მიხედვით ფსიქოლოგი. შენობას აქვს უსაფრთხოების სამსახური. თავშესაფარში ცალ-ცალკე ოთახებია გამოყოფილი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. თითო ოთახში ათი ბენეფიციარია განთავსებული, სადაც მათთვის ხუთი 2 სართულიანი საწოლი დგას. მათთვის გათვალისწინებულია პირადი მოხმარების ნივთები და ჰიგიენური საშუალებები. თავშესაფარი აღჭურვილია სასადილო, სააბაზანო, სამრეცხაო და საშრობი ბლოკებით. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი სრულფასოვანი კვებით, დღიური კალორაჟით 2 800 კკალორია. აღსანიშნავია, რომ მიუსაფარი მოქალაქეები თავშესაფარში მათივე მომართვის საფუძველზე, ან პატრულის დახმარებით ხვდებიან. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდ თავშესაფარში მიუსაფართა გადაყვანა დაუშვებელია. როგორც ცნობილია, მოქალაქე თავშესაფარში მოსახვედრად უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა კრიტერიუმს - უნდა შეეძლოს თავის მოვლა, არ უნდა ჰქონდეს გადამდები დაავადება, უნდა იყოს თბილისში რეგისტრირებული და უსახლკარო. თუმცა, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს, თავშესაფარის დროებითი მომსახურება შესთავაზოს თითოეულ მიუსაფარ მოქალაქეს, რომელთა სიცოცხლესაც შესაძლოა შეექმნას საფრთხე. 2016 წლის 1-ელ იანვარს თავშესაფარში განხორციელდა რამდენიმე ბენეფიციარის მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 3 იანვარს მერიის თანამშრომლებს, რომლებიც შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ადგილზე მივიდნენ სამ მოქალაქესთან, მათ თავშესაფარში გადასვლაზე უარი განუცხადეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პირის თავშესაფარში გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი ნების საფუძველზე", - ნათქვამია განცხადებაში. მერიის განცხადების თანახმად, ლილოს კაპიტალურ თავშესაფრამდე თბილისში უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის 2013 წლის დეკემბერში მოსკოვის გამზირზე ე.წ. "კარვების ქალაქი" აშენდა. სულ, მოსკოვის გამზირზე 22 კარავი იდგა და მათ ფუნქციონირებას უწყებათაშორისი კომისია უზრუნველყოფდა. 2015 წელს კი, აშენდა ლილოს კაპიტალური თავშესაფარი.