ოჯახური ჩირი და სოფლის ნუგბარი - ახალი პროდუქტი ქართულ ბაზარზე

ქართული ოჯახური ჩირისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი საწარმო „სკიჯის“ პროდუქცია მაღაზიებში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში მდებარე საწარმო ამ ეტაპზე საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მოყვანილი და სოფლის მოსახლეობისგან ნაყიდი სხვადასხვა სახეობის ხილისგან ამზადებს ჩირს.

კივის, ვაშლის, მანდარინისა და ხურმის ჩირი, თხილის, ნიგვზისა და ქიშმიშისა ჩურჩხელები, ქოქოსსა და გატარებულ ნიგოზში ამოვლებული ტყლაპები - ეს იმ პროდუქციის ჩამონათვალია, რომლის დამზადებას და რეალიზებასაც საწარმო დღესდღეობით ახერხებს.

როგორც "სკიჯის”დირექტორი, დარეჯან ბერძენიშვილი "ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, დასაწყისისთვის პროდუქციის რეალიზება ყოველგვარი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და მოთხოვნაც საკმაოდ დიდია.

"სანამ პროდუქცია საბოლოო, ნედლეულის სახეს მიიღებს საკმაოდ ხანგრძლივ და შრომატევად პროცესს გადის, ხილის გამოშრობა სპეციალურად მოწყობილ საშრობში ხდება. აქ ხილი დაცულია მწერებისა და გარემო პირობების მავნე ზემოქმედებისგან, შესაბამისად, ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს”, - აღნიშნავს დარეჯან ბერძენიშვილი.

მისი თქმით, მომავალში საწარმომ შესაძლოა, მოლაპარაკებები ქართულ-პოლონურ ფირმასთან დაიწყოს. "სკიჯის” დირექტორი წარმოების ზრდასთან ერთად, მოთხოვნის ზრდასაც ვარაუდობს.

როგორც დარეჯან ბერძენიშვილი აღნიშნავს, სხვადასხვა ხილის გამოშრობის შედეგად მიღებული საბოლოო პროდუქციის რაოდენობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. მაგალითად, 100 კილოგრამი ხურმისგან -20, ვაშლისგან -25, კივისგან 10, ხოლო მანდარინისგან 30 კილოგრამი ნედლეულის მიღებაა შესაძლებელი.

საწარმოში ამ ეტაპზე სამი ადამიანია დასაქმებული. 5-ათას ლარიანი დაფინანსება „სკიჯიმ“ ნოემბერში, "აწარმოე საქართველოს” პროექტის ფარგლებში მიიღო.

ქრისტინე გამთენაძე