სამეგრელოს, გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში ელექტროენერგიის გარეშე 15 000 აბონენტია დარჩენილი

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა სამტრედიასა და ზუგდიდში დიდთოვლობის გამო დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, მინისტრის მოადგილე ასევე გაეცნო მაღალმთიან გურიასა და აჭარაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, დასავლეთ საქართველოში სამეგრელოს, გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ ეტაპზე, ელექტროენერგიის გარეშე 15 000 აბონენტი არის დარჩენილი.

"მოსახლეობისათვის ეტაპობრივად ხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. დღის ბოლომდე, თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, მოსახლეობის 90%-ს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მაღალმთიანი სოფლები, სადაც გზის გაწმენდითი სამუშაოების გამო, აღდგენითი სამუშაოები ფერხდება", - განაცხადა ილია ელოშვილმა. უწყების ინფორმაციით, კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" 24-საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობს და დაზიანებული უბნების აღდგენა ეტაპობრივად ხდება.