სამეგრელოს რეგიონის აბონენტების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა, - ამის შესახებ სამეგრელოს გუბერნატორის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. წუხანდელი - 22:00 საათის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე 8 ათასიდან მხოლოდ 1500-მდე აბონენტია დარჩენილი. "ელექტროენერგია ჩხოროწყუს, ზუგდიდის და წალენჯიხის მაღალმთიანი სოფლების რამდენიმე უბანს არ მიეწოდება, სადაც დაზიანებული კერების აღდგენა დღეს დილიდან განახლდება. სარემონტო სამუშაოებში "ენერგო-პრო ჯორჯიას", როგორც ადგილობრივი ისე დამატებითი ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდება ყველა გამორთულ აბონენტს აღუდგება", - აცხადებენ გუბერნატორის პრესსამსახურში. რაც შეეხება რეგიონის გაზმომარაგებას, მათივე განმარტებით, ამ კუთხით პრობლემები არ არის.

"დიდთოვლობის გამო დაზიანებული 20 ოჯახს ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველადი დახმარება გაუწია. დაზარალებულები უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან, მიყენებულ ზარალს კომისია სწავლობს, მოხდება ზიანის ანაზღაურება. ამ დროისთვის რეგიონის ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია, ასევე გაწმენდილია სოფლამდე მისასვლელი გზები. დღის განმავლობაში იწმინდებოდა და დღეიდან განახლდება გაწმენდითი სამუშაოები სოფლის შიდა გზებზე. კვლავ ნაწილობრივაა შეზღუდული მოძრაობა ჯვარი-მესტიის გზაზე, სადაც გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბს კოორდინაცია აქვს, როგორც მუნიციპალურ შტაბებთან, ასევე "ენერგო-პრო ჯორჯიას" და "სოკარ გაზის" შტაბებთან. სამხარეო ადმინისტრაციაში მოქმედებს რეგიონალურიც ხელი ხაზი. სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები. გამართულად მუშაობს ყველა სასიცოცხლო ობიექტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.