ცენტრალური გზის ორ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

თბილისი - სენაკი - ლესელიძის ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა. ამის შესახებ საქართველოს რეაგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ. დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმისა და ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის 2 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა.

"აღნიშნული გზის 206-ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების შედეგად დაზიანდა დროებითი შემოვლითი გზა, რის გამოც აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადები გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - აცხადებენ დეპარტამენტში. მათივე ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ55-კმ152 (იგოეთი-ხევი) მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია.