BMW-მ ამერიკის გვირგვინი არავის დაუთმო

ამერიკის ავტობაზარზე, რომელიც პრემიუმსეგმენტში უმსხვილესია, ამ კატეგორიის ავტომწარმოებლებისთვის ერთგვარი პრესტიჟია, იყო ყველაზე გაყიდვადი პრემიალური ბრენდი.

2015 წელი საკმაოდ საინტერესოდ ვითარდებოდა კომპანიებისთვის - ერთმანეთს პირველობაში ეცილებოდნენ გერმანული BMW და Mercedes-Benz, იაპონურმა Lexus-მა კი მხოლოდ შემოდგომიდან დაიწყო პოზიციების გამყარება. თუმცა ის, რაც ამ კომპანიამ დეკემბერში ”ჩაიდინა”, ნამდვილად მოულოდნელი, იყო.

დეკემბრამდე ყველას ეგონა, რომ Lexus სტაბილურად მესამე ადგილზე დაასრულებდა წელს, მაგრამ დეკემბერში კომპანიამ მოახერხა და კონკურენტებზე ბევრად მეტი ავტომობილი გაყიდა, შესაბამისად ჩამორჩენა აღმოფხვრა და მეორე ადგილზეც კი გადაინაცვლა. ”ლექსუსმა” დეკემბერში 41 380 ავტომობილი გაყიდა, მისმა გერმანელმა კოლეგებმა ბავარიიდან კი 34 625, ხოლო ”სამქიმიანებმა” მხოლოდ 34,203.

ამერიკულ ბაზარზე Lexus-მა 10 წლიანი ლიდერობა 2011 წელს იაპონიის დამანგრეველი მიწისძვირს შემდეგ დაკარგა და მას შემდეგ ვერ დაიბრუნა, BMW-მ კი ეს ტიტული უკვე მეოთხედ შეინარჩუნა. Mercedes-Benz-მა მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს მოახერხა პირველ ადგილამდე აღზევება, თუმცა კომპანიაში ყოველი წლის დეკემბერში აცხადებდნენ, რომ ისინი კონკურენტებისგან განსხვავებით არ აპირებდნენ ”არანორმალურ” ფასდაკლებებს მხოლოდ იმისთვის, რომ გამხდარიყვნენ ნომერ პირველი პრემიუმ მწარმოებელი ამერიკაში.

ამერიკის პრემიუმსეგმენტი 2015 წელს 7,7%-ით გაიზარდა - ისტორიაში პირველად გადაცდა ორმილიონიან ნიშნულს და 2.03 მილიონი შეადგინა.

ამერიკის 2015 წლის პრემიუმსეგმენტის გაყიდვები ასე გამოიყურება

BMW 346,023

Lexus 344,601

Mercedes-Benz 343,088

Audi 202,202

Acura 177,165

Cadillac 175,267

Infiniti 133,498

Lincoln 101,227

Land Rover 70,582

Volvo 70,047

Porsche 51,756

Tesla 22,800

Jaguar 14,466

Maserati 11,697

Alfa Romeo 663

Bentley 2,686

Ferrari 2,124

Rolls-Royce 1,140

Lamborghini 756

დანარჩენი 1,100 (მათ შორის Aston Martin, Lotus და სხვა)

P.S. პრემიუმსეგმენტის ახალი ავტომობილების გაყიდვების მსოფლიო მასშტაბით მონაცემები 15 იანვრიდან გახდება ცნობილი.

კოკა კვირკველია