20, 50 და 100 ლარის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში თებერვლიდან გამოვა

20, 50 და 100 ლარის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში თებერვლიდან გამოვა. ამის შესახებ  ეროვნულ ბანკში განაცხადეს.

განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა და მიმოქცევაში წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად იქნება.

ლარის განახლებული ბანკნოტების გამოშვების საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პრეზენტაცია 3 ნოემბერს გამართა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა, თუმცა ესკიზების სრულყოფის პროცესში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები: "Giesecke & Devrient" (გერმანია), "Oberthur Fiduciaire" (საფრანგეთი), "De La Rue" (ინგლისი).

"ლარის განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით.

განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.

ლარის განახლებულ ბანკნოტებს ახასიათებს მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი, რომელიც ჰარმონიულად არის შეხამებული ძირითადი სიუჟეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებთან", - განაცხადეს ეროვნულ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, განახლდა ლარის ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი.

"ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი", - აღნიშნეს ეროვნულ ბანკში.

მოგვიანებით დაგეგმილია 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების განახლებაც.