"კოკა-კოლა" რუკაზე ყირიმის მონიშვნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

"კოკა-კოლა" საშობაო კამპანიის ფარგლებში, რუკაზე ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში მონიშვნის ფაქტს განმარტავს. უკრაინული მედიის ცნობით, კომპანიაში აცხადებენ, რომ რუკაზე ყირიმის მონიშვნა "კოკა-კოლას" რუსეთის წარმომადგენლობის ინიციატივა იყო. მომხდარმა უკრაინის მოსახლეობისა და მთავრობის უკმაყოფილება გამოიწვია.

უმაღლესი რადას დეპუტატმა მუსტაფა ნაიემმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მთავრობას "კოკა-კოლას" პროდუქციისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდა. მომხდარის შემდეგ "კოკა-კოლას" უკრაინის წარმომადგენლობამ ბოდიში მოიხადა. ამას გარდა, კომპანიის ოფიციალურ გვერდებზე რუსეთის რუკა, რომელზეც ყირიმიც იყო მონიშნული, წაშალეს.