თბილისში 35 544 ადამიანი უფასო სასადილოთი სარგებლობს

თბილისში 35 544 ადამიანი უფასო სასადილოს ბენეფიციარია. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დღეისთვის დედაქალაქში სულ 60 უფასო სასადილო ფუნქციონირებს. უფასო სასადილოებით კი 34 544 ადამიანი იკვებება. როგორც მერიაში განაცხადეს, აღნიშნული ციფრიდან 2 ათასი ბენეფიციარი სასადილოებით მოსარგებლეთა სიას გასული წლის დეკემბერში დაემატა. ყველაზე მეტი - 10 სასადილო, ნაძალადევის რაიონში მოქმედებს, სამგორსა და გლდანის რაიონებში 9-9 უფასო სასადილოა გახსნილი. მერიის ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტში უფასო სასადილოებისთვის 26 300 000 ლარი იყო გამოყოფილი.

როგორც თბილისის რაიონულ გამგეობებში განაცხადეს, უფასო სასადილოებმა მუშაობა მიმდინარე წლის 3 იანვარს განაახლეს. მათივე ინფორმაციით, 1-2 იანვარი ხელშეკრულების პირობებით, დასვენების დღე იყო, თუმცა სანაცვლოდ საკვები პროდუქტები წინასაახალწლო დღეებში ყველა ბენეფიციარს დაურიგდათ. გლდანის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, საკვები პროდუქტი სულადობის მიხედვით გაიცა. უფასო სასადილოს მოსარგებლე ერთმა ბენეფიციარმა 22 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტი მიიღო.