პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს იანვრის ბოლომდე დაასახელებს

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე დაასახელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, იქამდე დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების ფარგლებში კანდიდატურების განხილვა გაგრძელდება. რაც შეეხება იმას, რამდენად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს, აბაშიშვილის თქმით, "ვერ იქნება გამართლებული ღია პროცესით შერჩეული კანდიდატის არდამტკიცება".

"ცხადია, საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე. მივესალმებით ამ თვალსაზრისით პროფესიულ დისკუსიას, მაგრამ არც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არც მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, არ იქნება და ვერ იქნება გამართლებული ღია პროცესით შერჩეული კანდიდატის არდამტკიცება. კანდიდატურები წარმოდგენილია, შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და ვფიქრობ, პრეზიდენტი იანვრის ბოლომდე დაასახელებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.