რატომ ჭრიან გირჩების ექსპორტიორ ქვეყანაში ნაძვის ხეებს?

ნორდმანის სოჭის, განსაკუთრებული და ძალიან პოპულარული საახალწლო ხის თესლის ექსპორტი, შესაძლოა, ერთადერთი სფეროა, რომელშიც საქართველოს თითქმის მონოპოლისტური პოზიცია უჭირავს ევროპის ბაზარზე. ქვეყნის შიგნით კი აღნიშნული საქმიანობა თანდათან ვითარდება და დარგში მოღვაწე ფირმები მკაცრ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. ბაზრის ექსპერტის შეფასებით, ევროპაში გაყიდული საახალწლო ხეების 80%-ზე მეტი რაჭისა (თლუღი და ამბროლაური) და ბორჯომის ტყეებში მოგროვებული თესლითაა წარმოებული.

2013 წელს, საქართველომ ექსპორტზე გაიტანა 60 ტონაზე მეტი სოჭის თესლი, ექსპორტის ღირებულებამ კი თითქმის ორი მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (კილოგრამი საშუალოდ 32 აშშ დოლარად). დანია ქართული ნორდმანის სოჭის თესლის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი და, თავის მხრივ, ევროპაში საახალწლო ხეების ყველაზე დიდი მწარმოებელია. ირონიულია, რომ დანიაში გაზრდილი ნორდმანის სოჭს ქართულ ბაზარზეც ვაწყდებით, გასაყიდად გამოტანილს.

ქართულ ბაზარზე სოჭის თესლის მწარმოებელთა შორის კონკურენცია შესამჩნევად მწვავეა. ათიოდე ფირმა ბაზარზე 1993 წლიდან არსებობს. ისინი გადაურჩნენ ქართული მაფიის იერიშებს (50/50 შეთანხმებებს „ჩვენ ვაგროვებთ, თქვენ ყიდით“ 90-იან წლებში და „ჩვენ მოვუვლით ჩვენს მიერვე შექმნილ პროფკავშირებს“ 2013 წელს), მთავრობის მიერ ლიცენზიების შემოღებას, ერთ-ერთი მოთამაშის მიერ მსხვილ ქართულ ბანკთან შეთანხმებით ბაზრის მონოპოლიზების მცდელობას და იმავე ფირმის მიერ კონკურენტთა არაეთიკური და ეკოლოგიურად უპასუხისმგებლო ქცევის ბრალდებებს.

ევროპის მოთხოვნა ქართულ საახალწლო ხეებზე შეიძლება ნორდმანის სოჭის ბუნებრივი სილამაზითაც აიხსნას. აღსანიშნავია სხვა მარადმწვანეებთან შედარებით, ამ ჯიშის ხეების წიწვების ნაკლები სიბასრეც და ის, რომ ამ ჯიშს, ხმობის პროცესშიც კი, წიწვები ნაკლებად ცვივა. ამასთან ერთად, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს.

მიუხედავად სახელმწიფოთაშორისი განსხვავებებისა, ევროპას ხის უკანონო ჭრის წინააღმდეგ მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩო და აღსრულების ეფექტური სისტემა აქვს. 90-იან წლებში, რეგულაციების გამკაცრების შემდეგ, შეიქმნა ისეთი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა, როგორიცაა საახალწლო ხეების სანერგეები დანიაში. დანიამ საახალწლო ხეების წარმოება ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წამოიწყო, თუმცა ინდუსტრიამ აყვავება მხოლოდ 90-იან წლებში დაიწყო. 1999 წლისთვის, დანია ევროპაში ბუნებრივი საახალწლო ხეების მთავარი ექსპორტიორი გახლდათ. სწორედ მოვლენების ამგვარმა განვითარებამ მისცა გზა საქართველოს ტრიუმფალურ შესვლას ევროპის სოჭის თესლის ბაზარზე, ჯერ კიდევ 1993 წლიდან.

ახალგაზრდა ინდუსტრია

ნორდმანის სოჭის სანერგეები ახალგაზრდა ინდუსტრიაა საქართველოში. სავარაუდოდ, მათი წარმოშობა 2010 წლის დეკემბერს (ზუსტად 4 წლის წინ) უკავშირდება, როცა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ საშობაოდ ნაძვის ხის უკანონოდ მოპოვებაზე გაამკაცრა ადმინისტრირება და გაზარდა ჯარიმებიც (50-400 ლარიდან 1000 ლარამდე).

თუმცა დღესდღეობითაც კი სანერგეებში გაზრდილი საახალწლო ხეები იშვიათობაა საქართველოში. ამ ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის დრო: ნერგის საბაზრო ზომამდე მიყვანას 5-10 წელი სჭირდება. ასე რომ, მცირე საწყისი ინვესტიციის მიუხედავად, სანერგეები მოთმინებას საჭიროებს. მეორე პრობლემა, რომელიც უფრო მეტად სპეციფიურია საქართველოსთვის, არის გასაღების ბაზრის სიმცირე და მომხმარებელთა გემოვნება. ქართველები არ გიჟდებიან მაინცდამაინც სანერგეებში გაზრდილ ნაძვის ხეებზე. ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ ამ პროდუქტის მომხმარებელი განათლებული და შეძლებული საშუალო ფენაა, თუმცა ეს სამიზნე ჯგუფი ჯერ კიდევ მცირერიცხვოვანია.

ძირითადად, რეგიონებში უკანონოდ მოჭრილი საახალწლო ხეების გარდა, ქართულ ბაზარზე მრავლადაა სანერგეში გაზრდილი ნაძვის ხის სრულიად კანონიერი ჩამნაცვლებლები. მათ შორისაა, ძირითადად ჩინური წარმოების ხელოვნური საახალწლო ხეები და ტრადიციული ჩიჩილაკი, რომელსაც თხილის ტოტისგან ამზადებენ. კიდევ ერთი ალტერნატივაა ბუნებრივი „ხეები“, ე.წ. „ღეროში“ შერჭობილი ნაძვის ტოტებით. ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო ამცირებს სანერგეებში წარმოებულ საახალწლო მარადმწვანეებზე მოთხოვნას.

იხილეთ გაგრძელება