ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2016 წელს მარკეტინგული ღონისძიებებისთვის 12,5 მილიონი ლარის ხარჯვას გეგმავს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2016 წელს მარკეტინგული ღონისძიებებისთვის 12,5 მილიონი ლარის ხარჯვას გეგმავს , - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. რაც შეეხება ზამთრის სეზონის მიმდინარეობს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ის წარმატებით მიმდინარეობს და საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა იზრდება.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ზამთრის კურორტებზე სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა იზრდება. მაგალითად, გუდაური ისე სავსეა ტურისტებით, როგორც არასდროს ყოფილა. მთლიან რაოდენობაში უცხოელი ტურისტების წილი, დაახლოებით, 90%-ს შეადგენს, მათ შორის, დიდი ნაწილი რუსეთიდანაა შემოსული. ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ზამთრის სეზონი წინა წელთან შედარებით წელს ძალიან წარმატებული იქნება", - განაცხადა ჩოგოვაძემ. მისივე თქმით, წელს ზამთრის კურორტებზე სეზონი ყველაზე ადრე გაიხსნა წინა წლებთან შედარებით. ამას ხელი შეუწყო გუდაურსა და ბაკურიანში დამონტაჟებულმა ხელოვნური გათოვლიანების აპარატებმა.

რაც შეეხება 2016 წლის გეგმებს, გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გააგრძელებს იმ ძირითადი მიმართულებით მუშაობას, რომელიც 2015 წელს ძალიან წარმატებული იყო. მათ შორის, საერთაშორისო მიმართულებით. "საერთაშორისო მიმართულებაში იგულისხმება არა მარტო მარკეტინგული აქტივობები, ასევე ჟურნალისტების, ტუროპერატორების მოწვევა საქართველოში. რაც შეეხება მარკეტინგულ ღონისძებებს, დაახლოებით, 12.5 მილიონი ლარია გამოყოფილი მარკეტინგული კამპანიებისთვის. შევჯერდით რამდენიმე მარკეტინგულ საშუალებაზე, რომელსაც 2016 წელს გამოვიყენებთ. ეს გახლავთ: რეკლამა საერთაშორისო სატელევიზოო არხით, ზაფხულისა და ზამთრის ვიდეორგოლის განთავსება რამდენიმე ქვეყნის ტელევიზიაში, რამდენიმე ქვეყანაში სპეციალური სატელევიზო გადაცემის დამზადება საქართველოს შესახებ და ინტერნეტრეკლამა", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე