თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო თანამშრომლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც იანვარში უწყება დაფარავს

თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო თანამშრომლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც, ისე როგორც ჯარისკაცებისას, სამინისტრო გაიღებს , - ასე უპასუხეს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში კითხვას იმის შესახებ, 1-ელ თებერვლამდე აანაზღაურებს თუ არა სამინისტრო სამოქალაქო ნაწილის თანამშრომლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც. უწყებაში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველას შეეხება. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დღეს დაადასტურა, რომ ჯარისკაცებს დაზღვევა 1-ელ თებერვლამდე არ ექნებათ, თუმცა როგორც განაცხადა, მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს უწყება დაფარავს.

"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა დაზღვევა შეჩერდა - არა. აქ არაფერია არც საიდუმლო და არც მოსაპოვებელი. ჩატარდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული იყო, ეს ჩვეულებრივი ამბავია, არ არის სასიამოვნო, მაგრამ ჩვეულებრივია. იანვრის თვეში თავდაცვის სამინისტრო აანაზღაურებს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს, 1-ელი თებერვლიდან კი, დაზღვევა ჩვეულებრივ გაგრძელდება. სამხედროებისთვის ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, ვინაიდან მათ ჯანმრთელობაზე ზუსტად ისევე იზრუნებს თავდაცვის სამინისტრო, როგორც დაზღვევა რომ ჰქონოდათ, უბრალოდ, ჯიბეში ბარათი 1-ელი თებერვლიდან ექნებათ, ნაცვლად 1-ელი იანვრისა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.