"დემოგრაფიული აღორძინების ფონდი" - განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, ყველაზე დაბალი - ქვემო ქართლში

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განქორწინებათა რაოდენობის ზრდა საგრძნობლად შეინიშნება, - ამის შესახებ "დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, განქორწინებათა რეკორდული მაჩვენებელი დედაქალაქშია.

"ბოლო ორი წლის მანძილზე გაზრდილია ქორწინებათა რაოდენობა, თუმცა კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი განქორწინებათა რაოდენობა. პროცენტული თანაფარდობა, ბალანსი არის დარღვეული. ყველაზე მეტად, განქორწინებათა რეკორდული მაჩვენებელია დედაქალაქში. 2015 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, დედაქალაქში აღრიცხულია 3690 ქორწინება, ხოლო განქორწინება 1722. ეს არის ძალიან ცუდი მაჩვენებელი. საქართველოში ქორწინების რაოდენობა 2015 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით არის 14 102, ხოლო განქორწინების რაოდენობა 4 435, აქედან მხოლოდ დედაქალაქზე მოდის 1722 განქორწინება. განქორწინებათა რაოდენობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღირიცხება ქვემო ქართლში, შემდეგ სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში და ა.შ.", - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ. მისივე განმარტებით, განქორწინებათა რაოდენობა 25 წლამდე ასაკის წყვილებში წილობრივად უფრო მეტია.