"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" - "კავკასიონზე" მომხდარი დაზიანების მიუხედავად, მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება

ელექტროგადამცემ ხაზზე "კავკასიონზე" მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნება, - ამის შესახებ "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" განაცხადეს. რაც შეეხება დღეს "კავკასიონზე" მომხდარ დაზიანებას, როგორც სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა "საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორის მოადგილემ დავით ფაჩულიამ განაცხადა, გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სერიოზული გამორთვა არ ყოფილა.

"პრობლემა არაფერი გველოდება. "კავკასიონი" არის ყველაზე რთული ხაზი, ყველაზე მიუდგომელი და სტიქიური მოვლენები იქ მეტი ხდება, ნალექი მეტია და ა.შ. სერიოზული გამორთვა არ იყო, მხოლოდ რამდენიმე წუთით გაითიშა. ეს შეიძლება უბრალოდ გამოიწვიოს თოვლის დიდმა რაოდენობამ, რომელიც ხაზებზე ბევრი იდო, რის გამოც შესაძლოა, ხაზმა გამტარობა შეწყვიტა. ქარი ამოვარდა, დაიფერთხა და შეიძლება მეორე ჩართვაზე ავტომატურად ჩაირთოს, ამიტომ ვიდრე ადგილზე არ მივალთ, ზუსტ მიზეზებზე საუბარი ძნელია", - განაცხადა ფაჩულიამ. მისი თქმით, ბრიგადები ადგილზე არიან გასულები, მონაკვეთი დაახლოებით, ცნობილია, თუმცა ზოგ ადგილზე ტრანსპორტი არ მიდის და მათ ფეხით უწევთ გადაადგილება. "როგორც ელექტროსისტემიდან ვიცი, ხაზი გამტარია, მუშაობს, თუმცა მაინც არ არის ჩართული, რადგან მიზეზი არ ვიცით ჯერ", - განაცხადა ფაჩულიამ.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით პრობლემა მომხმარებლებს არანაირად არ შეექმნებათ. "დაახლოებით, 8-წუთიანი გამორთვა იყო. "საქართველოს ელექტროსისტემამ" სქემა შეცვალა, გადაალაგა და ელექტროენერგია აბონენტებს სხვა სქემით მიაწოდა. შესაბამისად, თბილისი 5 წუთში ჩაირთო, ხოლო დანარჩენი რეგიონები 8 წუთის განმავლობაში. არანაირი პრობლემა იმისა, რომ შეზღუდვა იქნება, არ არსებობს", - განაცხადეს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში". მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე ხაზი ჩართულია, გამტარია, თუმცა მისი გაშვება მაინც არ ხდება. "მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთას ხაზი ჩართულია, ჩვენ მაინც არ ვრთავთ მას, რადგან მაინც გვინდა, რომ დავრწმუნდეთ, თუ რამ გამოიწვია მისი დაზიანება. შესაბამისად, ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვართ აზერბაიჯანთან, ჩვენ ენერგოქსელი დივერსიფიცირებული გვაქვს, ამიტომ იმის საშიშროება, რომ მომხმარებელს რაიმე პრობლემა შეექმნას, არ არსებობს", - განაცხადეს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში".