ილია ელოშვილი - ენერგომომარაგების კუთხით გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში ვითარება სტაბილურია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო ენერგომომარაგების მხრივ შექმნილი პრობლემები შეაჯამა. როგორც ილია ელოშვილმა აჭარის მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგია რამდენიმე ასეულ აბონენტს არ მიეწოდება, მათ შორის რაჭა-ლეჩხუმში 7 ათასამდე, ხოლო ზემო აჭარაში 4 ათასამდე აბონენტს.

"ენერგომომარაგების კუთხით ვითარება გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში არის სტაბილური. მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ასეული აბონენტია გათიშული და მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მათაც აღუდგეთ ენერგომომარაგება. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში თოვდა რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო აჭარაში, რამაც გარკვეული პრობლემები გამოიწვია. ზემო აჭარაში 4 ათასამდე აბონენტია გათიშული, რაჭა-ლეჩხუმში კი, 7 ათასამდე. ყველგან მიმდინარეობს სამუშაოები, ბრიგადები მობილიზებულია და დღის ბოლომდე 90%-ს აღუდგება ენერგომომარაგება", - აღნიშნა ილია ელოშვილმა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ენერგოკომპანიის თანამშრომლებს ახალი წლის დღეებში მუშაობისთვის მადლობაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ "კომპანია შორს არის იდეალური მდგომარეობისგან", თუმცა რესურსებიდან გამომდინარე კარგად მუშაობს. ილია ელოშვილის განმარტებით, "ენერგო-პრო-ჯორჯიას" ქსელის სრულ რეაბილიტაციას 900 მილიონი დოლარი დასჭირდება, რაც ერთდროულად განხორციელების შემთხვევაში ტარიფის მატებას გამოიწვევდა.

"რეგიონების ხელმძღვანელებს და "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომლებს მადლობა მინდა გადავუხადო, რომ ახალი წლის დღეებში მუშაობდნენ. ის, რომ "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელი შორს არის იდეალური მდგომარეობისგან, ამას ენერგეტიკის სამინისტრო სამი წელია ამბობს. ჩვენ დათვლილი გვაქვს და 900 მილიონი დოლარი სჭირდება პრობლემის ერთბაშად მოგვარებას. ასეთი დონის ინვესტიცია გამოიწვევდა ტარიფის მატებას 4-5-ჯერ და შესაძლოა, მეტადაც. ვცდილობთ, იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას და მოსახლეობას გააჩნია, მაქსიმალურად გავაკეთოთ ინვესტიციები", - აღნიშნა ილია ელოშვილმა. მისივე განმარტებით, დიდთოვლობის პერიოდში საერთო გათიშვების რაოდენობა "20 ათას აბონენტს არ ასცდენია".