ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით, ორწლიანი სამოქმედო გეგმა შემუშავდება

ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით, ორწლიანი სამოქმედო გეგმა შემუშავდება, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ცოტა ხნის წინ ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით დელეგაცია ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც ტურიზმის განვითარების კუთხით იმუშავებს.

"ამ ჯგუფის მოვალეობა იქნება 2-წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება, თუ როგორ უნდა მოხდეს ორ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდა. ეს ჯგუფი შექმნილია. ჩვენი შემდეგი ამოცანა იქნება დეტალურად გავწეროთ სამოქმედო გეგმა", - განაცხადა ჩოგოვაძემ. მისივე თქმით, ჩინეთი საკმაოდ სპეციფიკური ქვეყნაა და დაგეგმვა სჭირდება, რადგან ჩინელი ტურისტი საინტერესოა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის როგორც რაოდენობრივად, ასევე იმ დანახარჯების თვალსაზრისით, რომელსაც ის მსოფლიოში ხარჯავს.

"სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 2 წლიანი სამოქმედო გეგმა შევიმუშაოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ნაბიჯ-ნაბიჯ და როგორ უნდა მოხდეს საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობის ზრდა", - განაცხადა ჩოგოვაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული გეგმა მოიცავს მათ შორის, მარკეტინგულ ღონისძიებებს.

"ეს გეგმა არ გულისხმობს მარტო ქართული მხარის აქტივობებს. ჩვენი თხოვნით, ჩინეთის მხარე ძალიან დიდი მონდომებითაა ჩართული ამ პროცესში იმისთვის, რომ ორივე ქვეყნის მთავრობამ დაგეგმოს ის ნაბიჯები, რომლის საბოლოო რეზულტატი ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობის გაზრდა იქნება", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე