საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელები ხელფასის დანიშვნის და სამუშაო პირობების საკითხზე პარლამენტში იმყოფებოდნენ

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი კონსტანტინე სულამანიძე და სააგენტოს საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე დღეს პარლამენტში იმყოფებოდნენ , სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს და მის პირველ მოადგილეს ნოდარ ებანოიძეს შეხვდნენ. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები, რომელთაც საქმიანობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აქვთ შეზღუდული, ხელფასის დანიშვნასა და მუშაობისთვის საჭირო პირობების შექმნას ითხოვენ. პარლამენტში გამართული შეხვედრაც სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხებოდა. როგორც მეჭიაური განმარტავს, საფინანსო ზედამხედველობის საბჭოს წევრებს ხელფასი ამ დრომდე არ აუღიათ.

"ისინი მოსული იყვნენ იმასთან დაკავშირებით, რომ დღემდე ხელფასს არ იღებენ. მათ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადება ჰქონდათ შემოტანილი, რომ სარგოს ის ოდენობა განესაზღვროთ, რომელიც კანონის მიხედვით ეკუთვნით", - აცხადებს თამაზ მეჭიაური. მისივე თქმით, "სააგენტოს მუშაობა დაწყებულია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მუშაობა რაღაც ნაწილში შეაჩერა". საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წარმომადგენლებმა ხელფასის დანიშვნასთან და მუშაობისთვის საჭირო პირობების შექმნასთან დაკავშირებით წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართეს.

"როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის სექტემბერში, პარლამენტის მიერ დამტკიცდა სსიპ "საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს" საბჭოს შემადგენლობა, საბჭოს თავმჯდომარე და სააგენტოს უფროსი. სააგენტო დაუყონებლივ შეუდგა მუშაობას და მოახდინა: 1) სააგენტოს დებულების 2) საშტატო ნუსხის 3) სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის და 4) სააგენტოს 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. სააგენტოს ხსენებულ სხდომაზე, საბჭოს წევრის სტატუსით მონაწილეობას იღებდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სააგენტოს საბჭოსა და სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება შეეზღუდათ გარკვეული ოპერაციების წარმართვისათვის, მაგრამ მთელ რიგ საკითხებზე მუშაობის უფლება კვლავ ძალაშია. შესაბამისად, სააგენტოს მუშაობისთვის საჭირო აუცილებელი პირობები (სამუშაო შენობა, კომპიუტერული ტექნიკა, სახელფასო ბიუჯეტი და სხვა) რაც კანონის მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ამ ეტაპზე არ შესრულებულა. ასევე არ არის განსაზღვრული სააგენტოს საბჭოს წევრების სარგო. გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის კომიტეტს კანონის შესრულების მონიტორინგის განხორციელება", - ნათქვამია დავით უსუფაშვილისადმი გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და საბჭოს წევრები: ტერნესი, ურუმაშვილი და გალდავა აწერენ.