რომან გოცირიძე – პრეზიდენტმა დაამკვიდრა ძალიან კარგი წესი, როცა სპეციალისტებს ანდობს კანდიდატურის შერჩევას

ეკონომიკური ექსპერტი რომან გოცირიძე პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრის ღია პროცესით შერჩევის ინიციატივას უწონებს. როგორც რომან გოცირიძემ "PALITRANEWS"-ს განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა ამ კუთხით "ძალიან კარგი წესი დაამკვიდრა". "პრეზიდენტმა დაამკვიდრა ძალიან კარგი წესი მის მიერ წარსადგენი კანდიდატურების შერჩევაზე არა მხოლოდ ეროვნული ბანკის საბჭოში, არამედ მარეგულირებელ საბჭოში, სასამართლოებში, ანუ ის ანდობს სპეციალისტებს კანდიდატურის შერჩევას და შემდეგ თავად იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა შესთავაზოს პარლამენტს", - განაცხადა გოცირიძემ. ეკონომიკურმა ექსპერტმა ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესის შესაძლო გაჭიანურების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნული მოსაზრება თავადაც გაიზიარა.

"უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სწორედ მომავალი წლის დეკემბერში აირჩეს და მანამდე ერთ-ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა შეასრულოს მოვალეობა. თუმცა, გამორიცხული არაფერია. თუ ახლა, ასე სწრაფად მოიძებნა ისეთი კანდიდატურა, რომელიც მისაღები იქნება პარლამენტისთვისაც და პრეზიდენტისთვის, მაშინ ბუნებრივია, რომ შეიძლება იგი გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. უამრავი კანდიდატურაა შეთავაზებული და ვნახოთ, პრეზიდენტი ვის შეარჩევს", - აღნიშნა გოცირიძემ.