რა ღირს ერთი ბარელი ნავთობის მოპოვება?

ნავთობის ფასის მკვეთრმა დაცემამ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დააზარალა, თუმცა ყველაზე მეტად ფასების ვარდნა ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებზე აისახა უარყოფითად.

ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ნედლეულის მოპოვება ბევრ ქვეყანას დღესდღეობით უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე მისი გაყიდვა.

დღევანდელი მონაცემებით, ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 38 დოლარს შეადგენს მაშინ, როცა მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ერთი ბარელის მოპოვება 52.50 დოლარი, ბრაზილიაში - 49, კანადაში კი - 41 დოლარი ჯდება.

ერთი ბარელი ნავთობის მოსაპოვებლად ამერიკაში საშუალოდ 36 დოლარია საჭირო - ეს მაჩვენებელი ნავთობის საბაზრო ღირებულებაზე დაბალია.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე "შავი ოქროს" მოპოვების პროცესი უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე მისი საბაზრო ფასი, მსოფლიოს წამყვანმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, შეამცირონ ნავთობის მოპოვების მოცულობა იმ ქვეყნებში, სადაც ხარჯები უფრო მაღალია, ვიდრე მოგება.

მეორე მხრივ, საუდის არაბეთსა და ქუვეითს ერთი ბარელი ნავთობის ამოტუმბვა საშუალოდ 10  დოლარზე ნაკლები უჯდება, ირანს კი - 10.70 დოლარი. ამ მხრივ, სპარსეთის ყურის ქვეყნების პოზიციები გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა ნავთობმომპოვებელი ქვეყნების.

ნავთობის ფასმა დაცემა 2014 წელს დაიწყო, როცა ოპეკ-ის წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, არ შეემცირებინათ ნავთობის მოპოვების მოცულობა. მათ ეს გადაწყვეტილება ბაზარზე გადაჭარბებული შემოთავაზების მიუხედავად მიიღეს.

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ოპეკ-ის ეს ნაბიჯი განპირობებულია სურვილით, გააძევონ ბაზრიდან ქვეყნები, სადაც ნავთობის მოპოვება ძვირადღირებული პროცესია.

მაგრამ ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემა შეეხო ოპეკ-ის ყველაზე ძლიერ წევრ სახელმწიფოებსაც. როგორც გასული წლის ოქტომბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ბარელის ფასი 50 აშშ დოლარამდე არ გაიზრდება, უახლოეს 5 წელიწადში ახლო აღმოსავლეთის ნავთობმომპოვებელი ქვეყნების, მათ შორის საუდის არაბეთის, ომანისა და ბაჰრეინის სავალუტო რეზერვები ამოიწურება.

bpn