სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი – თითოეულ დაზარალებულ ოჯახს ხელისუფლება დაეხმარება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ საგანგებო შტაბის გაფართოებული სხდომა გამართა, რომელსაც რეგიონში ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები, გამგებლები, მერები და გუბერნატორის მოადგილეები ესწრებოდნენ. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გუბერნატორმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მათი განმარტებით, რეგიონის მასშტაბით ყველა ცენტრალური, სოფლამდე მისასვლელი და შიდა გზები გაწმენდილია.

"გუბერნატორის დავალებით დამატებითი სპეცტექნიკა დღეს ჩხოროწყუს და წალენჯიხის იმ მაღალმთიანი სოფლების შიდა გზებს გაწმენდს, სადაც აქამდე პრობლემა იყო. მოძრაობა მესტიის მიმართულებით უახლოეს საათებში აღდგება, ამ დროისთვის ინტენსიურად იწმინდება ჯვარი-ხაიშის მონაკვეთი", - აცხადებენ მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

ლევან შონიამ დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, თითოეულ დაზარალებულ ოჯახს ხელისუფლება დაეხმარება. უფრო კონკრეტულად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიულ მდგომარეობაში არსებული სამივე სახლის ნაცვლად, დაზარალებული ოჯახებისთვის გამგეობა ახალ სახლებს ააშენებს. რაც შეეხება რეგიონის ელექტრომომარაგებას, ბოლო მონაცემებით, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 1000-მდე აბონენტი.

"აბონენტების 70 პროცენტს 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება აღუდგება, დანარჩენებს კი ელექტროენერგია დღის ბოლომდე ჩაერთვებათ. აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად ასრულებენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჯგუფები", - აღნიშნავენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში და განმარტავენ, რომ გაზმომარაგებასთან დაკავშირებით რეგიონში პრობლემა არ არსებობს. გუბერნატორმა გაწეული მუშაობისთვის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტების პირველ პირებს და თანამშრომლებს მადლობაც გადაუხადა.