დაბა ბაკურიანის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, უკვე ორი დღეა დაბა ბაკურიანის მიმართულებით, მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა. როგორც მუნიციპალიტეტის პრესცენტრში აცხადებენ, ავტობუსმა პირველი რეისი ბორჯომიდან გუშინ დილით 08:40 საათზე შეასრულა. აღსანიშნავია, რომ დილის რეისის გარდა, ავტობუსი დაბა ბაკურიანის მიმართულებით, 17:20 საათზეც ემსახურება მგზავრებს. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განაცხადა, ტრანსპორტის დანიშვნა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით გადაწყვიტა.

"მოქალაქეები შეხვედრისას აღნიშნავდნენ მგზავრობის მაღალ ფასს და მის შემცირებას გვთხოვდნენ. რადგან კომერციულ მარშუტებზე ფასის განსაზღვრა ჩვენ არ შეგვეძლო, გადავწყვიტეთ მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნა, რომლის ფასი კერძო ტრანსპორტთან შედარებით განახევრებულია და 1.50 ლარი ღირს", -აღნიშნა გამგებელმა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, შემცირებული ტარიფით მგზავრობა მათთვის დიდი შეღავათია.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის" უფროსის დავით ზაალიშვილის თქმით კი, "პაზ"-ის ტიპის 24 ადგილიანი ავტობუსი ყოველდღიურად იმოძრავებს. აღსანიშნავია, რომ შემცირებული ტარიფებით შეუძლიათ მგზავრობა ბორჯომის ყველა მცხოვრებელს. ერთი წელია ქალაქის შიდა რეისები 30 თეთრის ნაცვლად 20 თეთრი ღირს. სოფლის მცხოვრებლები კი 1,50 ლარის ნაცვლად, 0.70 ლარად მგზავრობენ.