ეროვნული ბანკი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წარმომადგენლების მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს

ეროვნული ბანკი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წარმომადგენლების მოთხოვნას პასუხობს.

მუშაობისთვის საჭირო პირობების შექმნისა და ხელფასის დანიშვის თაობაზე

საბჭოს წარმომადგენლების მოთხოვნის საპასუხოდ ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ "არამიზნობრივი და არაკანონიერი იქნებოდა მათი ბიუჯეტიდან ასეთი ხარჯის გაწევა".

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2015 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, შესაძლო რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, შეაჩერა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს საქმიანობა და სააგენტოს აპარატის ფორმირება და ფუნქციონირება საკონსტიტუციო დავის დასრულებამდე. ამ პერიოდში კი საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის ფუნქცია ერთმნიშვნელოვნად ისევ ეროვნულ ბანკს დაეკისრა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საფინანსო სექტორის რეგულირებას კვლავ ეროვნული ბანკი ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს საბჭოს მიერ წარმოდგენილი საშტატო ნუსხის მიხედვით, ამჟამად ეროვნული ბანკის ფარგლებში საზედამხედველო ფუნქციაზე პასუხისმგებელ თანამშრომელთა ოდენობასთან შედარებით 67 ერთეულით იზრდება სააგენტოს აპარატის თანამშრომელთა რიცხვი, ხოლო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სააგენტოს, არსებულ ბიუჯეტთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯებისთვის 10 მილიონი ლარით მეტის დახარჯვა აქვს დაგეგმილი.

ეროვნული ბანკი ცალსახად აცხადებს, რომ არამიზნობრივი და არაკანონიერი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტიდან ასეთი ხარჯის გაწევა, მით უფრო, რომ სააგენტო რეალურად არ ფუნქციონირებს და საფინანსო სფეროს ზედამხედველობის ფუნქციას კვლავ ეროვნული ბანკი ასრულებს", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წარმომადგენლები, რომელთაც საქმიანობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აქვთ შეზღუდული, ხელფასის დანიშვნას და მუშაობისთვის საჭირო პირობების შექმნას ითხოვენ.

მათ შესაბამისი წერილით, რომელიც 30 ნოემბრით თარიღდება, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართეს.

"როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის სექტემბერში, პარლამენტის მიერ დამტკიცდა სსიპ "საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს" საბჭოს შემადგენლობა, საბჭოს თავმჯდომარე და სააგენტოს უფროსი. სააგენტო დაუყოვნებლივ შეუდგა მუშაობას და მოახდინა: 1) სააგენტოს დებულების 2) საშტატო ნუსხის 3) სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის და 4) სააგენტოს 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. სააგენტოს ხსენებეულ სხდომაზე, საბჭოს წევრის სტატუსით მონაწილეობას იღებდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სააგენტოს საბჭოსა და სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება შეეზღუდათ გარკვეული ოპერაციების წარმართვისათვის, მაგრამ მთელ რიგ საკითხებზე მუშაობის უფლება კვლავ ძალაშია. შესაბამისად, სააგენტოს მუშაობისთვის საჭირო აუცილებელი პირობები (სამუშაო შენობა, კომპიუტერული ტექნიკა, სახელფასო ბიუჯეტი და სხვა), რაც კანონის მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ამ ეტაპზე არ შესრულებულა. ასევე არ არის განსაზღვრული სააგენტოს საბჭოს წევრების სარგო.

გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის კომიტეტებს კანონის შესრულების მონიტორინგის განხორციელება", - ნათქვამია დავით უსუფაშვილისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს საფინანსო ზედამხდეველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და საბჭოს წევრები: ტერნესი, ურუმაშვილი და გალდავა აწერენ.