დიმიტრი ქუმსიშვილმა "წლის ბიზნესკომპანია" დააჯილდოვა

"2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის" დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის დაწესებული ჯილდო "ვითიბი ბანკს" გადასცა, რომელიც ნომინაციაში "წლის ბიზნესკომპანია" გამარჯვებულად დასახელდა. როგორც ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, "ვითიბი ბანკს" 2015 წლის განმავლობაში 2 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული სხვადასხვა სპორტულ პროექტში. "მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაგვეხმარა და მონაწილეობა მიიღო იმ მნიშვნელოვან წარმატებასა და გამარჯვებაში, რაც ჩვენ 2015 წელს გვქონდა. მინდა, რომ ქართულ სპორტს ჰქონდეს კიდევ უფრო დიდი წარმატებები შემდგომ წლებშიც. მსურს "ვითიბი ბანკს" გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ყველა კომპანიას, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, მოვუწოდო, მხარში დაუდგნენ ქართულ სპორტს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის" დაჯილდოებაზე 10 ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენები და ასევე სპეციალური პრიზების მფლობელები დასახელდნენ. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.