"ალილოზე" შეგროვებული ნობათი ბავშვთა სახლებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და მოხუცთა თავშესაფრებს დაურიგდებათ

"ალილოზე" შეგროვებული საახალწლო ნობათი ბავშვთა სახლებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და მოხუცთა თავშესაფრებს 10 იანვარს დაურიგდებათ. ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.

"ქრისტეშობას, 7 იანვარს, თბილისში ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა "ალილო" ეწყობა. დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2000 წელს აღდგა. მსვლელობაში ქალაქ თბილისის მოსახლეობა, მრევლი და სამღვდელოება მონაწილეობს. წელს მსვლელობა 14:00 საათზე, ვარდების მოედნიდან დაიწყება და რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. რუსთაველის გამზირზე დღესასწაულს პარლამენტის თავმჯდომარე, ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე თანხმლებ პირებთან ერთად შეუერთდებიან. ალილოს მონაწილეებს და მოსახლეობას აქვს საშუალება შეწიროს ძღვენი, (ტკბილეული, ტანსაცმელი და ა.შ.), რომელიც შემდეგ დახარისხდება და 10 იანვარს ბავშვთა სახლებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და მოხუცთა თავშესაფრებს დაურიგდებათ", - აცხადებენ მერიაში.