ამირან გიგუაშვილი - საჭიროა კონკურენციის სააგენტომ სიგარეტის ფასის არაგონივრულად ზრდის საკითხი შეისწავლოს

ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განცხადებით, საჭიროა კონკურენციის სააგენტომ შეისწავლოს, თუ რამდენად ობიექტური იყო სიგარეტის ცალკეულ სახეობებზე ფასის არაპროპორციულად ზრდა და ხომ არ იქნა დარღვეული თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონის მოთხოვნები. გიგუაშვილის თქმით, მომავალში მსგავსი პრეცედენტების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ეკონომიკური აგენტების მხრიდან ფასების არაგონივრული ზრდა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდეს, რისთვისაც კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილება უნდა განხორციელდეს.

"უკვე მერამდენედ ხდება, რომ ცალკეულ პროდუქციაზე, მათ შორის ფქვილზე, ხორბალზე, ნავთობზე და სიგარეტზე ადგილი აქვს ფასების არაადეკვატურ ზრდას და აშკარად შეთანხმებულ მოქმედებებს ბაზრის მონაწილეების მხრიდან. ეს არის სრულიად დაუშვებელი ფაქტი. არც ქვეყნის კანონმდებლობაში და არც საერთაშორისო ბაზარზე არ მომხდარა რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც სიგარეტის ცალკეულ სახეობებზე ფასების ასტრონომიულ ზრდას გაამართლებდა. რაც შეეხება "ფილიპ მორისი საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ დეფიციტი გაჭიანურებულმა სასამართლო დავამ გამოიწვია, ესეც ცალკე შესასწავლი საკითხია. დეფიციტის გამო ერთ დღეში ფასების შეთანხმებულად ორასი და სამას პროცენტიანი ზრდა არ ხდება. აშკარაა, რომ ადგილი აქვს წინასწარ გამიზნულ ქმედებას. ჩემთვის, როგორც ადვოკატისათვის ცნობილია, რომ ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში სიგარეტის საბითუმო დისტრიბუტორებმა მიზანმიმართულად შეამცირეს ცალკეული პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ქსელში, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ახალი წლის შემდეგ ფასების ხელოვნური ზრდა მოხდებოდა და ამით კოლოსალურ მოგებას ნახავდნენ. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ადგილი აქვს ბაზრის ამ სეგმენტის მონოპოლიზაციას, რისთვისაც კონკურენციის სააგენტომ დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მოახდინოს და კანონით მინიჭებული უფლებიდან გამომდინარე შესაბამისი ზომები გაატაროს", - აცხადებს გიგუაშვილი.

ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში მოქმედებდა 195-ე მუხლი მონოპოლიური საქმიანობის და კონკურენციის შეზღუდვის შესახებ, რომელიც საკმაოდ მკაცრად სჯიდა მონოპოლიური საქმიანობას მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასების დაწესებით, აგრეთვე კონკურენციის შეზღუდვას ბაზრის გაყოფის, ბაზარზე გავლენის შენარჩუნების მიზნით, თუმცა ეს მუხლი პრაქტიკაში ფაქტობრივად არ გამოიყენებოდა, 2012 წელს კი საერთოდ გაუქმდა. ამირან გიგუაშვილის მოსაზრებით, საჭიროა არა სიტყვა სიტყვით ამ მუხლის ხელახლა ამოქმედება, არამედ თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე მორგებული უფრო თანამედროვე და მოქნილი სამართლებრივი რეგულაციის შემოღება.

"აშკარაა, რომ მხოლოდ კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, ფაქტობრივად ვერ უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. ეს კონკურენციის სააგენტოს დასკვნამაც დაადასტურა, რომელიც ნავთობიმპორტიორთა შორის კარტელურ გარიგებებს და საწვავზე შეთანხმებული ფასების დაწესებას ეხებოდა. ამიტომ საჭიროა სისხლის სამართლის კოდექსში ამოქმედდეს ნორმა, რომელიც უმკაცრესად დასჯის ეკონომიკურ აგენტებს მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასების დაწესების გზით, ჩვენი ისედაც შეჭირვებული მოსახლეობისგან არაგონივრულად დიდი მოგების მიღების მცდელობისათვის", - აცხადებს გიგუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 1-ელი იანვრიდან სიგარეტის ზოგიერთ სახეობაზე სარეალიზაციო ქსელში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული მიზეზი არა სიგარეტზე აქციზის ზრდა, არამედ ბაზარზე ამ პროდუქციის ცალკეულ სახეობებზე შექმნილი დეფიციტია. "ფილიპ მორის საქართველო" წარმოქმნილ დეფიციტს გაჭიანურებულ სასამართლო დავას უკავშირებს, რომელიც მათი განცხადებით მალე დასრულდება.