რომან გოცირიძე: ”სომხეთიდან ირანული გაზის შემოტანა სატყუარაა”

საქართველოში გაზის დივერსიფიკაცია ბლეფია. ეს არის მთავრობის მიერ შემუშავებული, მოსახლეობის მოსატყუებელი თემა.

ამის შესახებ რადიო "პალიტრის" გადაცემა ”საქმეში” ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვერავითარი დივერსიფიკაცია ირანული გაზის საქართველოში შემოტანის კუთხით, ვერ მოხდება.

რომან გოცირიძის განცხადებით, ირანს საქართველოსთან არავითარი ტექნიკური შესაძლებლობები არ აქვს გაზის მიწოდების, არ არსებობს მილი და სომხეთიდან ირანული გაზის შემოტანა რეალობას არ შეეფერება:

”ახლა საუბარია სომხეთიდან ირანის გაზის შემოტანაზე. ესეც არის სატყუარა. ვინაიდან სომხეთიდან საქართველოსთან არავითარი დამაკავშირებელი ცალკე მილსადენი არ არსებობს. სქემა იქნება ძალიან მარტივი: ირანი მიაწვდის გაზს სომხეთს. აღსანიშნავია, რომ მთელი სომხური სისტემა არის ”გაზპრომის” საკუთრება. სომხეთს ფაქტობრივად, საკუთარი ენერგოსისტემა არ აქვს, გაზსადენებით დაწყებული, თბოელექტროსადგური, ატომური ელექტროსადგური, რკინიგზა, ყველაფერი ეკუთვნის რუსეთს. ამიტომ ასე მოხდება: მიაწვდის რუსულ კომპანიებს სომხეთში, ხოლო ”გაზპრომი” მოგვაწვდის გაზს საქართველოში. ანუ გაზი, რომელიც მიდის რუსეთ-საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი მილსადენით და საიდანაც ჩვენ ვღებულობთ გატარებული გაზის საფასურს, ამ გატარებული გაზიდან მივიღებთ რაღაც წილს, რომელსაც შემდეგ სახელად დაერქმევა ირანული გაზი”, - განაცხადა რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ რადგან ეს მაინც რუსული გაზი იქნება, ამით საქართველოს რუსულ გაზზე დამოკიდებულება იზრდება.

ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში ირანული გაზის შემოყვანასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟში ირანი მხოლოდ შირმას წარმოადგენს და მას "გაზპრომია" ამოფარებული.

"საქართველოში ირანული გაზის შემოსვლა გამორიცხულია. ამ თამაშში ირანი არის უბრალოდ შირმა, რომელსაც "გაზპრომია" ამოფარებული. აბსოლუტურად გამორიცხულია, ირანული გაზი ვერ შემოვა საქართველოში. სქემა იქნება ძალიან მარტივი, ირანი მიაწვდის რუსულ თბოელექტროსადგურებს გაზს სომხეთის ტერიტორიაზე და ამის სანაცვლოდ რუსეთი, "გაზპრომი" მოგვაწვდის ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე გამოყვანილი მილით", - განაცხადა რომან გოცირიძემ რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმეში".