"ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდება არა ის, ვინც მთავრობას უნდა, არამედ ის, ვინც პრეზიდენტს სურს"

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს მიმდინარე წლის თებერვალში უფლებამოსილების ვადა ეწურება , რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები აირჩევენ და დასამტკიცებლად პრეზიდენტს წარუდგენენ. ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ წევრებს უფლებამოსილების 7 წლიანი ვადა სხვადასხვა დროს ეწურებათ. აღსანიშნავია, რომ გიორგი ქადაგიძის გარდა, მიმდინარე წელს, კერძოდ დეკემბერში, უფლებამოსილების ვადა ეროვნული საბჭოს კიდევ 3 წევრს - არჩილ მესტვირიშვილს, ოთარ ნადარაიასა და ლაშა ჯუღელს ეწურება.

"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით კი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევის კომპეტენცია საქართველოს პრეზიდენტს აქვს და მათ პარლამენტი სწორედ ქვეყნის პირველი პირის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და 7-წლიანი ვადით ირჩევს.

არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიორგი ქადაგიძის შემცვლელის არჩევა შესაძლოა წლის ბოლომდე გაჭიანურდეს. პროცესის აღნიშნული სცენარით განვითარებას არ გამორიცხავენ ეკონომიკის ექსპერტები და მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი, მათ შორის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური.

თამაზ მეჭიაური, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

"ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეთანხმდება ეროვნული ბანკის საბჭო და ქვეყნის პრეზიდენტი, პარლამენტი ამ პროცესებში არ მონაწილეობს, უბრალოდ ვერ ჩაერევა იმიტომ, რომ პარლამენტის პრეროგატივა მხოლოდ ეროვნული საბჭოს წევრის დამტკიცებაა, ისიც, მისი წარდგენის უფლება აქვს ქვეყნის პრეზიდენტს, დანარჩენი, იმის იქით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა უკვე ეროვნული ბანკის საბჭოს კომპეტენციაა, რომელიც თავისი რიგებიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატს შეარჩევს და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, ის ან დაამტკიცებს ან არ დაამტკიცებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა და ქვეყნის პრეზიდენტი საკმაოდ თბილ დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან, კონსესუსის მიღწევა მათ არ უნდა გაუჭირდეთ".

მიხეილ დუნდუა, ეკონომიკის ექსპერტი:

"ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ შემადგენლობას ახალი წევრები უნდა დაემატოს, რადგან მოქმედი შემადგენლობის უდიდესი ნაწილი პოლიტიკურად ანგაჟირებულია, ზოგიერთი მათგანი ეკონომისტიც არ არის. თუ ჩვენ გვინდა რეალური ცვლილებების მიღება, აუცილებელია განახლდეს შემადგენლობა და საბჭოს ახალი წევრები დაემატოს. ის, რომ 2016 წლის ბოლომდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ფუნქციები რომელიმე ვიცე-პრეზიდენტმა შეასრულოს, არანაირად არ უშლის ხელს ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას.

მთავარი საკითხი არის ის, რომ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი სასურველია არ იყოს იმ ძველი, ცუდი პოლიტიკური წარსულის გამოცდილების მქონე ჯგუფიდან, რომლის დროსაც ეროვნული ბანკი იყო პოლიტიკური ზეწოლის იარაღი, ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას". თუ საბჭო არ გადახალისდა, და თუ ძველი ხელისუფოლების, სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" პარლამენტის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან ავირჩიეთ პრეზიდენტი, ეს ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას, მონეტარული პოლიტიკის გამართულობაზე, ეროვნული ბანკის საქმიანობაზე, იღებს არა მოქმედი, არამედ ძველი ხელისუფლება".

რომან გოცირიძე, "საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი:

"ვინაიდან ეროვნული ბანკის საბჭოში ერთი წევრის დამატება ახლა შეიძლება, ხოლო მიმდინარე წლის დეკემბერში სამის, ფაქტობრივად, ამ წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი წევრი უნდა შეიცვალოს, აქედან ერთ-ერთი დანიშნული იქნება პრეზიდენტის მიერ. ახლა, რომ საქართველოს პრეზიდენტი საბჭოს წევრობის კანდიდატს წარადგენს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ის იქნება ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წლის ბოლოს 3 წევრს უფლებამოსილების ვადა გასდის, აქედან ორი ვიცე-პრეზიდენტია, შესაძლებელია არჩევანის მეტი თავისუფლება იყოს და არ არის გამორიცხული, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიმდინარე წლის დეკემბერშიც დანიშნონ. შეიძლება სხვადასხვანაირი ვარიანტი განიხილონ, ეს კი, საბოლოო ჯამში დამოკიდებულია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში მას აქვს სრული კონსტიტუციური უფლება განსაზღვროს ვის წარადგენს, როდის წარადგენს და ა.შ. მოვალეობის შემსრულების ვარიანტიც არ არის გამოსარიცხი. დღეს ზუსტად იმის თქმა, თუ როდის ეყოლება ახალი პრეიზდენტი ეროვნულ ბანკს, ძნელია და არც საჩქაროა, მაგრამ ამ საკითხში სრული საკონსტიტუციო უფლება აქვს პრეზიდენტს. მოკლედ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდება არა ის, ვინც მთავრობას უნდა, არამედ ის, ვინც პრეზიდენტს სურს".

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე დაასახელებს, იქამდე კი, დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების ფარგლებში კანდიდატურების განხილვა გაგრძელდება. რაც შეეხება იმას, რამდენად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს, აბაშიშვილის თქმით, "ვერ იქნება გამართლებული ღია პროცესით შერჩეული კანდიდატის არდამტკიცება".

აბაშიშვილის განცხადებითვე, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესის წლის ბოლომდე გაჭიანურების შესაძლო სცენარში ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავს.

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა

წყარო: "კვირის პალიტრა"