Bentley ინტერიერში 200 მილიონი წლის ქვას გამოიყენებს

უძველესი ქვით გაფორმებული ინტერიერის მქონე Bentley Continental-ისა და Flying Spur-ის მოდელების შეძენა მსურველებს მხოლოდ სპეცშეკვეთით შეუძლიათ.

დიდი ქვიდან ჩამოთლილი და უთხელეს ფენად დამუშავებული ნაჭრებით გაფორმებული ინტერიერი აღნიშნული მოდელების ”სამუშაო დაფაზე” ხესა და ლითონს ჩაანაცვლებს. ინტერიერის გაფორმება კომპანია Mulliner-ს ეკუთვნის.

მასალა იმდენად თხელია, რომ მისი გრანულების ხილვა მარტივად არის შესაძლებელი. ის სპეციალური ხსნარით არის მოკირწყლული და მსურველს მისი რამდენიმე ფერის შერჩევა, ასევე სპეციალური შეკვეთით დამზადება შეუძლია. ფერებს შორის არის: გალაქსი (იგივე ლურჯი), შემოდგომის თეთრი, მიწისფერი წითელი და სპილენძისფერი.

რაც შეეხება ფასს, ფასი ამ დროისთვის არ კონკრეტდება, ვინაიდან მისი ღირებულება ყველა შეკვეთაზე ინდივიდუალური იქნება.

ქვები, რომელსაც „ბენტლი“ ინტერიერისთვის გამოიყენებს, ინდოეთშია მოპოვებული. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქვის ფორმიერებას 200 მილიონი წელი დასჭირდა. ამასთან, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანია მსგავს მასალას იყენებს ინტერიერის გასაფორმებლად.

”ამ ტიპის იშვიათ და ძვირფას მასალას „ბენტლი“ პირველად იყენებს და ეს ქვა იმის მხოლოდ დასაწყისია, რასაც სამომავლოდ ვგეგმავთ”, - აცხადებს კომპანია Mulliner Operations-ის მმართველი ჯეოფ დაუნინგი.

Mulliner „ბენტლის“ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიაა, რომელიც კლიენტებს უნიკალური და იშვიათი მასალებით გაფორმებულ მოდელებს სთავაზობს.

კოკა კვირკველია