"2019 წლის შემდეგ ქართულ ენერგეტიკულ სისტემაში ”გაზპრომის” ადგილი აღარ იქნება"

როგორც არ უნდა გაზარდოს „გაზპრომმა“ კომერციული გაზის მიწოდების მოცულობა, მაინც ვერ შეძლებს "სოკარისთვის" დომინანტი პოზიციების ჩამორთმევას.

ამის შესახებ რადიო „პალიტრის“ გადაცემა ”საქმეში” ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წელიწადნახევარში საქართველოს საკუთარი გაზის ძალიან დიდი მარაგი ექნება, 2019 წლის შემდეგ კი ქართულ ენერგეტიკულ სისტემაში ”გაზპრომის” ადგილი აღარ იქნება.

”წელიწადნახევარში, 2018 წელს, როცა 6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაივლის ჩვენთან, ჩვენ გვექნება საკუთარი გაზის უზარმაზარი მარაგი. ამ რაოდენობის გაზის 5% არის 300 მილიონი კუბური მეტრი, რაც უკვე ყოფნის იმ ნაზარდ მოთხოვნას, რომელიც ახლა ჩვენ გვჭირდება თბოელექტროსადგურების გამო. 2019 წელს კი, როცა უკვე დამატებით 10 მილიარდი გაივლის, 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გვექნება. აქედან ნაჩუქარი მხოლოდ ტრანზიტისთვის 5% იქნება (იმ გაზის ნახევარი, რომელსაც დღეს საქართველო მოიხმარს). ამიტომ 2019 წლის შემდეგ საერთოდ ”გაზპრომის” ხსენება და ჭაჭანება არ იქნება საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში”, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მისი განცხადებით, დამატებითი გაზის შეძენის მოთხოვნა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის გარდაბნის თბოელექტროსადგურმა და მოსახლეობაში გაზრდილმა მოთხოვნამ.

„მოსახლეობის მოთხოვნის ზრდა პრობლემა არ არის. ”სოკარი” ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისედაც უზრუნველყოფს. ასევე მანქანების გაზზე გადაყვანის გამო, სადღაც 5-7%-ით მატებაა, ამის დაკმაყოფილება თავისუფლად შეუძლია აზერბაიჯანს, თუ აზერბაიჯანთან იმუშავებენ”, - აღნიშნა რომან გოცირიძემ გადაცემა „საქმეში“ საუბრისას.