უმსხვილესი ამერიკული რითეილერი Macy's 4 500 თანამშრომელს შეამცირებს

აშშ-ის უმსხვილესი და უძველესი რითეილერი Macy's-ი ქვეყნის მასშტაბით 4 500 თანამშრომელს შეამცირებს.

კომპანიის განცხადებით, ამის მიზეზი გაყიდვების შემცირებაა. ამავე მიზეზით Macy's-ი ქვეყნის მასშტაბით არსებული 770 მაღაზიიდან 36 მაღაზიას დახურავს.

საცალო ვაჭრობის ამერიკულმა ქსელმა რესტრუქტურიზაცია მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაყიდვების მოცულობა 5,2%-ით შემცირდა. დაიხურება ის მაღაზიები, სადაც გასულ წელს ყველაზე ნაკლები პროდუქცია გაიყიდა.

კომპანიის ცნობით, 36 მაღაზიაში 2015 წელს ვაჭრობის ოდენობამ 375 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა მაშინ, როცა კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 28 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ნოემბერსა და დეკემბერში Macy's-ის მაღაზიებში გაყიდვები 2014 წელთან შედარებით 4,7%-ით შემცირდა. კომპანიის გენერალური დირექტორის ტერი ლუნდგრენის ცნობით, ამის ერთ-ერთი მიზეზია უჩვეულოდ თბილი ამინდი, რის გამოც შემცირდა თბილი ტანსაცმლის გაყიდვები. კომპანია კიდევ ერთ მიზეზად ტურისტების მიერ ფულის ნაკლებად ხარჯვას ასახელებს.