ზვიად კვაჭანტირაძე - ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოსთან დაკავშირებით სიტუაცია ჩიხშია შესული, მაგრამ გამოსავალი მოიძებნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის აზრით, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოსთან დაკავშირებით სიტუაცია ჩიხშია შესული. დეპუტატი ფიქრობს, რომ გამოსავალი მოიძებნება.

"ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მხრიდან პარლამენტისადმი მომართვა გაკეთდა, რომელსაც პარლამენტი შეკრების შემდეგ აუცილებლად განიხილავს და ალბათ, რაღაც გამოსავალი მოიძებნება – ან ასეთი, ან - ისეთი. ვფიქრობ, დღევანდელი მომენტისათვის სიტუაცია ნამდვილად ჩიხშია შესული, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე", - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ.

ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭომ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს სპეციალური წერილით მიმართა, სადაც სააგენტო პარლამენტისგან მათთან დაკავშირებით მიღებული კანონის შესრულებაზე მონიტორინგს ითხოვს. წერილში ხაზგასმულია, რომ სააგენტოს არა აქვს სამუშაო პირობები და არ არის განსაზღვრული სააგენტოს საბჭოს წევრების სარგო. თავის მხრივ, ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ არამიზნობრივი და არაკანონიერი იქნებოდა ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის ხარჯის გაწევა, რადგან სააგენტო რეალურად არ ფუნქციონირებს და საფინანსო სფეროს ზედამხედველობის ფუნქციას კვლავ ეროვნული ბანკი ასრულებს.

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი კონსტანტინე სულამანიძე და ირაკლი კოვზანაძე გუშინ პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს და მის პირველ მოადგილეს ნოდარ ებანოიძეს შეხვდნენ.